ნარამსუენი — ძველი შუამდინარეთის ერთ-ერთი მეფე, აქადის დინასტიის მეოთხე წარმომადგენელი (ძვ. წ. 2290-ძვ. წ. 2254 წწ.). მის დროს აქადის დინასტიამ მიაღწია თავისი ძლიერების ზენიტს. მეფობის დასაწყისში ჩააქრო აჯანყება ქვეყნის შიგნით, შემდეგ წარმატებით ილაშქრა ევფრატის სათავეებში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ელამში. სახელმწიფო ცენტრალიზებულ ხელისუფლებას საბოლოოდ დაუმორჩილა რელიგია. ნარამსუენი სიცოცხლეშივე გააღმერთეს. მისი სტელა, რომელზედაც გამოსახულია ლულუბეელების წინააღმდეგ ბრძოლის ამსახველი სცენები, აქადური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლია და ინახება ლუვრში.