ჟამთააღმწერელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟამთააღმწერელიXIV საუკუნის ანონიმი ქართველი ისტორიკოსი, დაწერილი აქვს საქართველოს ისტორია XIII საუკუნის 10-იანი წლებიდან XIV საუკუნის 10-იან წლამდე. წარმოშობით მესხი უნდა იყოს. თევდორე ჟორდანიას აზრით, ის იყო ვარძიელი ბერი, რომელმაც გააერთიანა და გადაამუშავა სარგის და ბექა ჯაყელების მიერ დაწერილი მატიანეები. კონსტანტინე გრიგოლია ფიქრობს, რომ ის მაწყვერელი იყო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟამთააღმწერელი დიდად განათლებული ადამიანი ჩანს, იგი კარგად არის განწავლული და იცნობს როგორც საკუთარი ქვეყნის, აგრეთვე მეზობელი ხალხების და განსაკუთრებით კი მაშინდელი მსოფლიოს მრისხანე დამპყრობლების მონღოლების ყოფას, რომელთა თავდასხმებმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას სამწუხაროდ გეზი უცვალა და სულ სხვა მიმართულება მისცა.

ჟამთააღმწერელი კარგად იცნობს თავისი დროის საეკლესიო მწერლობას, იყენებს ძვ. ქართულ (მეფეთა წიგნი, ბაღუაშთა წიგნი, ვინმე მღვიმელი ბერის თხზულება და სხვა), ბერძნულ-ბიზანტულ, სომხურ და სპარსულ წყაროებს. ზოგჯერ ამჟღავნებს კრიტიკულ დამოკიდებულებას მათდამი. ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მის თხზულებაში ვხვდებით სიგელებისა და სხვა საბუთების გამოყენების შემთხვევებს.

ჟამთააღმწერელი კარგად იცნობს და ვრცლად ახასიათებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მდგომარეობას მონღოლთა დაპყრობების ეპოქაში, მას მოეპოვება ძვირფასი ცნობები მონღოლთა ისტორიისა და ზნე-ჩვეულებათა შესახებ. ფართო საერთაშორისო ფონზე აქვს გაშლილი თხრობა საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შესახებ. ამასთან ერთად ის აღწერს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო წყობილებას, საზ. ურთიერთობებს, ეკონომიკას, საეკლესიო ცხოვრებას და ა.შ. მისი თხზულება დიდი მნიშვნელობის წყარო და ისტორიოგრაფიული ძეგლია.

მის თხზულებაში ავტორი გადმოგვცემს მონღოლების ადათ-წესებს და უშუალოდ მათი ისტორიის უმნიშშვნელოვანეს ფაქტებს. სწორედ აღნიშნულ ნაწამოებში ჩვენ ვხვდებით ჯერ კიდევ ამ მომთაბარეობის საფეხურზე მდგარი ხალხის სხარტ და სრულყოფილ დახასიათებას.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა ამ ნაწარმოებში ყველაზე მთავარი მაინც ის საკითხები და თემებია, რომელსაც ავტორი საქართველოს შესახებ გვაწვდის, მათ შორის აღსანიშნავია: მონღოლთა დევნას გამოქცეული ხვარაზმშაჰის ძის ჯალალ-ედ-დინის შემოსევები საქართველოში, თბილისის აღება და აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს აოხრება მათ მიერ; შემდგომ მონღოლთა ჯარების გამოჩენა და მათ მიერ საქართველოს დაპყრობა; შემდგომ რუსუდანის გარდაცვალება და ქვეყნის უმეფოდ დარჩენა; მონღოლთა მიერ სამეფო ტახტზე ორი პრეტენდენტის - დავით ულუს და დავით VI ნარინის დამტკიცება და საქართველოში ორმეფობის დაწესება; პოლიტიკური დაქუცმაცებულობისათვის საფუძვლის ჩაყრა, ქვეყნის ორ სამეფოდ დაყოფა , შემდგომში კი საბოლოოდ სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ; აგრეთვე საკითხები ქვეყნის სამეურენო ყოფის მოშლასთან დაკავშირებით, მშენებლობის ხარისხის დაცემა; ქვეყნის კატასტროფამდე მისვლა, რასაც ემატებოდა და ზედ ერთვოდა შინაფეოდალური ქიშპობების საგარეო ფაქტორთან ერთად.

ჟამთააღმწერელი ქრისტიანული რელიგიის ზნეობრივი მსოფლმხედველობის გამომხატველია. ღრმად წამს პროვიდენციალიზმი (განგება) და სასწაულები. საქართველოს მარცხი გარეშე მტრებთან ბრძოლაში, მისი დაქვეითება და დაცემა მას წარმოდგენილი აქვს როგორც ზეგარდმო სასჯელი ხალხის და, უპირველეს ყოვლისა, მეფე-მთავართა ცოდვების გამო. „ქართული საისტორიო მწერლობაში მას პირველად შემოაქვს სასოწარკვეთილი ტონი და მისტიკური ელემენტები“ - ივანე ჯავახიშვილი. „ჟამთააღმწერელი ქართული ისტორიოგრაფიული რომანტიზმის წინამორბედია“ - ნიკოლოზ ბერძენიშვილი. ამის მიუხედავად, მის თხზულებაში ჩანს ფართო საზოგადოებრივი ინტერესები, პირუთვნელობა, მკაცრი ზნეობრივი კრიტერიუმი. ჟამთააღმწერელის თხზულება შინაგანად შეკრული გეგმიანი ნაწარმოებია, ავტორს აქვს წიაღსვლები,აღწერილი მოვლენების შესახებ ამბობს მთავარს, თხრობა წვრილმანებით არ აქვს გადატვირთული. თხზულება XIV საუკუნის ქართული ისტორიული აზროვნების მაღალი დონის მაჩვენებელია.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ქვეყანაში განვითარებული და დატრიალებული შემზარავი ამბებისა, ჟამთააღმწერლის თხზულება უნდა აღინიშნოს, რომ მაინც ოპტიმისტური სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. ამგვარი ოპტიმიზმის საბაბს კი მას აძლევს უპირველესყოვლისა ქართველი ხალხის გმირული ბრძოლა, მაგალითისთვის: გიორგი ბრწყინვალის მეფობის დასაწყისი, რომელსაც ავტორი მოესწრო და რომლის შესახებაც წერს შემდგომს: „და იწყო მთიებმან აღმოჭვირვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკვირველისა საშინელისა თქმად“-ო, ამგვარად გიორგი ბრწყინვალის მეფობის დაწყება ცისკრის ვარსკვლავის („მთიები“) ამოსვლასთან, სინათლის, ნათელის დადგომასთანაა შედარებული.

თხზულებაში ჟამთააღმწერელს მოეპოვება საინტერესო ცნობა, რომ საქართველოს მეფე დავით VII ულუ (1247-1270) მოწამლა მისმა მეუღლემ, მონღოლთა ნოინების ჩორმაღანის და სირმონის დამ ესუქნიმ, რის შედეგადაც დავითი გარდაიცვალა, ამასთან დაკავშირებით თხზულებაში ნახსენებია ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილი მოწამვლით მიდოს თესალიელის და ანტიპატროსის მიერ. აქვეა ტექსტში ჩართული სიტყვა „ეჭვი“, რომელიც თითქოს კონტექსტში არ ზის. მთელი ნაწყვეტის პირველი ნახევარი განმარტა აკადემიკოსმა თინათინ ყაუხჩიშვილმა, თუმცა ჟამთააღმწერლის აქამდე გამოუქვეყნებელმა ფრაგმენტმა, კერძოდ H-1067-მა რომელიც პროფესორმა ვალერი სილოგავამ გამოაქვეყნა, ზოგი რამ უფრო დააზუსტა და ახალი ელემენტებიც შემოიტანა. კერძოდ ამ ფრაგმენტში დავით ულუს სიკვდილთან დაკავშირებული მონათხრობი ორ ნაწილად იყოფა: პირველში მეფის მკვლელობა შედარებულია ალექსანდრე მაკედონელის მკვლელობასთან, რომელიც საღამოს პურის ჭამისას მოწამლეს და დავითიც, როგორც ჩანს ამ დროს იქნა მოწამლული. მეორე ნაწილში კი ეჭვიანობა შედარებულია ანტიკური სამყაროს უდიდესი მითოლოგიური გმირის ჰერაკლეს ( ქართულ ტექსტში „ირაკლი“) ასევე ეჭვიანობის საფუძველსა მოწამვლასა და მოკვლასთან მისი მეორე მეუღლის დეანირის მიერ.

უეჭველია ასევე, რომ მემატიანეს ჰქონდა საისტორიო წიგნი, რომელსაც რქმევია „წიგნი მეფეთა ბაღუშისთა და ნათესავთა მისათა“. პროფესორ ვალერი სილოგავას თქმით თზხულების ეს ადგილი ბუნდოვანია და გამოკვეთილდა და ნათლად არ ჩანს ეს წიგნი ვის შესახებაა - მეფეთა, ბაღუაშთა, მათ ნათესავთა თუ სამივეს შესახებ ერთად. ახალშესწავლილ ნაწყვეტში, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ რომელიღაცა ძველი ხელნაწერიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებში გადმოწერილი (H1607), წერია - „ვითა გაუწყებს წიგნი მეფეთა ნაქმართა ბახუაშისათა და ნათესავთა მისთასა“. აქედან კი უკვე ნათლად გასაგებია, რომ ამ წყაროს სახელი ყოფილა „წიგნი მეფეთა“, რომელშიც მოთხრობილი იყო ბაღუაშთა სანათესაოს „ნაქმარი“ ამბებიც მეფეთა წინააღმდეგ.

მონღოლების შემოსევის აღწერილობა ჩვენს ისტორიკოსს როგორც სჩანს დამყარებული აქვს ერთ წყაროზე, რომელიც თურმე „თანადამხუდარი“ ცნობებისდა მიხედვით ყოფილა შედგენილი. დავით ნარინისა და ულუს მეფობისთვის კი მას ხელთა ჰქონია განსაკუთრებული თხზულება „ყოველთა-აღმწერელი“ ანუ „პოლვისტორი“. წერილობითი წყაროების გარდა ემყარებოდა ზეპირ გადმოცემებსაც, ამგვარს ის მაშინ მიმართავს როდესაც სამეფო სახლის შინაურ და საიდუმლო საქმეების დასურათება სურს.

ავტორის ვინაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს ვაჟა კიკნაძის „მნათობში“ დაბეჭდილი სტატია - „ვინ არის ჟამთააღმწერელი?“. აღნიშნულში ვკითხულობთ შემდეგს „ჟამთააღმწერელი წარმოშობით მესეხეთიდანაა, სასულიერო პირია, სამეფო კართან და ჯაყელებთან ძლიერ დაახლოებულია. მემატიანე თავს ამჟღავნებს დემეტრე II-ის დასჯის აღწერისას, როდესაც იხსენებს მღვდელ-მონაზონ მოსეს. იგი უნდა მოღვაწეობდეს XIII საუკუნის ბოლო ორ ათეულში, ვიდრე XIV საუკუნის 30-იან წლებამდე“.

ჟამთააღმწერლის შესახებ კორნელი კეკელიძეც საუბრობს: მისი თქმით ის არის XIV საუკუნის მწერალი, მცოდნე კაცი ჩანს - იცის მონღოლური ენა და სარწმუნოება, მონღოლური საისტორიო მწერლობა, ქორონიკონი და ზეპირსიტყვიერება; იცნობს სპარსელებს, მათ ისტორიკოსს ჯუვეინს (XIII საუკუნე), ზედმიწევნით იცის ბერძნული ენა, ისტორია და მწერლობა. მოყვარულია ხალხური პოეზიის, მოჰყავს მონღოლური ლექსის ნიმუშები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიგოლია კ., ჟამთააღმწერელი და მისი თხზულების სამეცნიერო მნიშვნელობა, კრ.,: ქართული ისტორიოგრაფია, ტ. 1, თბ., 1968;
  • ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგნ. 3, თბ., 1967;
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977
  • ხანთაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 239.
  • ლორთქიფანიძე მ. „რა არის ქართლის ცხოვრება?“, თბ., 1989;
  • სილოგავა ვ. „ჟამთააღმწერელი (ნაწყვეტი-ხელნაწერი H-1067)“, თბ., 2009;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]